The Tor Project, Inc. ჩამოყალიბდა 501(c)(3) არამომგებიან დაწესებულებად 2006 წელს, თუმცა „მრავალშრიანი ქსელის“ (onion routing) შექმნის აზრი გაჩნდა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა ხანაში.

მსგავსად Tor-ის მომხმარებლებისა, შემმუშავებლები, მკვლევრები და შემომწირველები, რომლებმაც შექმნეს Tor, წარმოადგენენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთა ჯგუფებს. მიუხედავად ამისა, ყველას, ვინც ჩართულია Tor-ის შემუშავებაში, აერთიანებს ერთი მარტივი რწმენა: ინტერნეტის მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ ქსელთან თავისუფლი წვდომა პირადი მონაცემების გაუმჟღავნებლად.

1990-იან წლებში ინტერნეტში უსაფრთხოების ნაკლებობა და მისი შესაძლებლობა, რომ შეიძლება გამოყენებულიყო თვალთვალისა და ზედამხედველობისთვის, თანდათან აშკარა ხდებოდა და 1995 წელს დევიდ გოლდშლაგმა (David Goldschlag), მაიკ რიდმა (Mike Reed) და პოლ სივერსონმა (Paul Syverson) აშშ-ს საზღვაო კვლევით ლაბორატორიაში (NRL) საკუთარ თავს დაუსვეს კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ისეთი ინტერნეტკავშირის შექმნა, რომელშიც შეუძლებელი იქნებოდა გარკვევა, ვინ ვის ესაუბრება ქსელის ზედამხედველობის პირობებშიც კი. მათი პასუხი იყო შემუშავება და მოწყობა onion (მრავალშრიანი) ქსელის პირველი საკვლევი ნიმუშებისა.

მიზანი onion-ის სახით დამისამართებისა იყო იმგვარი საშუალების პოვნა ინტერნეტის გამოსაყენებლად, რომელიც რაც შეიძლება მეტად დაიცავდა პირად ინფორმაციას, ეს კი გულისხმობდა მონაცემების გატარებას რამდენიმე სხვადასხვა კვანძის გავლით თითოეულ ჯერზე ცალ-ცალკე დაშიფვრით. ესაა მარტივი ახსნა, თუ როგორ მუშაობს Tor დღეს.

2000-იანი წლების ადრეულ ხანაში როჯერ დინგლდაინმა (Roger Dingledine), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ახალმა კურსდამთავრებულმა, დაიწყო მუშაობა NRL-ის onion-დამისამართების პროექტზე პოლ სივერსონთან (Paul Syverson) ერთად. საზღვაო ლაბორატორიაში ჩატარებული თავდაპირველი სამუშაოების გამოსაყოფად onion-დამისამართებასთან დაკავშირებით სხვაგან დაწყებული მსგავსი საქმიანობებისგან, როჯერმა პროექტს უწოდა Tor, რომელიც შემოკლებაა დასახელებისა The Onion Routing. ნიკ მეთიუსონი (Nick Mathewson), როჯერის თანაჯგუფელი MIT-ში, მალევე შეუერთდა ამ პროექტს.

1990-იან წლებში, მისი შექმნიდან მოყოლებული, onion-დამისამართება ჩაფიქრებული იყო ისეთი ქსელისთვის, რომელიც არ იქნებოდა არავისზე დაქვემდებარებული. შესაბამისად, ამგვარი ქსელის მუშაობა უნდა უზრუნველყოფილიყო განსხვავებული მიზნების მქონე სანდო, დამოუკიდებელი ერთეულების მიერ, ხოლო პროგრამული ნაწილი თავისუფალი და ღია უნდა ყოფილიყო მაღალი დონის გამჭვირვალობის მისაღწევად და ერთპიროვნული მართვის ასარიდებლად. სწორედ ამიტომ 2002 წლის ოქტომბერში, როდესაც Tor-ქსელი თავდაპირველად გაეშვა, მისი კოდი გავრცელდა პროგრამის თავისუფალი, გახსნილი ლიცენზიით. 2003 წლის ბოლოსთვის ქსელს ამუშავებდა ათეულზე მეტი მოხალისე თავისი გადამცემით, ძირითადად აშშ-დან, ერთი კი გერმანიიდან.

Tor-ის უპირატესობების გაცნობიერებით ციფრული უფლებების კუთხით ელექტრონულმა სასაზღვრო ფონდმა (EFF) დაიწყო როჯერისა და ნიკის Tor-თან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება 2004 წელს. 2006 წელს კი დაარსდა Tor Project, Inc., არამომგებიანი 501(c)(3) დაწესებულება Tor-ის შემუშავების ზედამხედველობისთვის.

2007 წელს აღნიშნულმა დაწესებულებამ დაიწყო Tor-ქსელისთვის გადამცემი ხიდების შემუშავება ცენზურის ასარიდებლად, სახელმწიფო შეზღუდვებზე გვერდის ავლით მომხმარებლებისთვის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის მისაცემად.

Tor-ს უფრო და უფრო მეტად იყენებდნენ ზეწოლის წინააღმდეგ მებრძოლები და გამოცდილი მომხმარებლები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო პირადი მონაცემების დაცვა, მაგრამ ნაკლებად გათვითცნობიერებული მომხმარებლებისთვის მაინც რთული გამოსაყენებელი გახლდათ, შესაბამისად, 2005 წლიდან გადაწყდა სხვა ხელსაწყოების შემუშავებაც Tor-მაკავშირებელი ქსელის პარალელურად. Tor-ბრაუზერზე მუშაობა კი დაიწყო 2008 წელს.

Tor-ბრაუზერმა მეტად ხელმისაწვდომი გახადა Tor-ქსელი ინტერნეტის ყოველდღიური მომხმარებლებისა და ზეწოლის წინააღმდეგ მებრძოლთათვის, Tor წარმოადგენდა ძირითად საშუალებას არაბული გაზაფხულის მიმდინარეობისას, რომელიც 2010 წლის ბოლოს დაიწყო. იგი არა მხოლოდ იცავს ხალხს ვინაობის გამჟღავნებისას ინტერნეტში, არამედ აძლევს საშუალებას წვდომა ჰქონდეთ კრიტიკულ მასალებთან, სოციალურ ქსელთან და საიტებთან, რომლებიც იკრძალება.

თავდაცვის ხელსაწყოების საჭიროების შესახებ მასობრივი თვალთვალის წინააღმდეგ ფართო საზოგადოებამ შეიტყო სნოუდენის წყალობით, 2013 წელს მასალების გასაჯაროების შედეგად. Tor არამხოლოდ საშუალებას წარმოადგენდა სნოუდენის მიერ განგაშის ატეხისას, არამედ მასალების შიგთავსის უსაფრთხოდ შენახვის საწინდარიც იყო, ვინაიდან Tor-ის დაცვის ხელყოფა ვერ ხერხდებოდა.

საზოგადოების ცნობიერება შესაძლოა ამაღლდა თვალთვალის, ზედამხედველობისა და ცენზურის საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ აგრეთვე გაიზარდა დაბრკოლებები ინტერნეტში თავისუფლების წინააღმდეგ. დღესდღეობით ქსელს გააჩნია ათასობით გადამცემი გაშვებული მოხალისეებისა და მილიონობით მომხმარებლის მიერ მთელი მსოფლიოდან. სწორედ ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს Tor-ის მომხმარებელთა უსაფრთხოებას.

ჩვენ, Tor-პროექტის მონაწილეები, ყოველდღე ვიბრძვით, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა პირადი მონაცემების გაუმჟღავნებლად და Tor გახდეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საშუალება ინტერნეტში პირადი მონაცემებისა და თავისუფლების დასაცავად.

ამასთანავე, Tor არ წარმოადგენს მხოლოდ პროგრამას. იგი იმ სიყვარულისა და შრომის შედეგია, რომელსაც ხალხის საერთაშორისო ერთობა უძღვნის ადამიანის უფლებების დაცვას. Tor-პროექტი რჩება და მუდამ მკაცრად ერთგული იქნება გამჭვირვალობისა და საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა.